მკვლევრის ბიოგრაფია:
ლუკა ეხვაიას ბოლონიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინური კვლევებისა და სწავლებების პროგრამის მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული. იგი ერთი წლის მანძილზე თავის სამაგისტრო დისერტაციაზე ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში მუშაობდა. მოგვიანებით ლაიფციგის უნივერსიტეტის გლობალური და რეგიონული სწავლებების სადოქტორო სკოლის ასოცირებული წევრი და დოქტორანტი გახდა, პარალელურად კი ლაიბნიცის სამეცნიერო ცენტრის “აღმოსავლეთ ევროპა-გლობალური სამყაროს” მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციას ითავსებდა. კოვიდ-19 პანდემიის გამო მან თავის სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელა. დღესდღეობით იგი საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარი მეცნიერ-მკვლევარია.
დისერტაციის აღწერა:
ლუკა ეხვაიას სადოქტორო დისერტაცია “მეხსიერების პოლიტიკა და მისი განხორციელების მექანიზმები პოსტსაბჭოთა საქართველოში” კოლექტიური მეხსიერების ფენომენსა და მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის გზებს შეისწავლის პოსტსაბჭოთა საქართველოს მაგალითზე.
ნაშრომში კოლექტიური მეხსიერების პოლიტიკური მიზნებისთვის დაქვემდებარების რეტროსპექტიული მიმოხილვაა მოცემული და ნაჩვენებია, თუ როგორ ხდებოდა ანტიკურ სამყაროში - საბერძნეთსა და რომში - კოლექტიური მეხსიერების კონტროლის მეშვეობით მმართველისა თუ პოლიტიკური წყობის ლეგიტიმაცია, რე-ლეგიტიმაცია და დე-ლეგიტიმაცია.
დისერტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, თუ რა როლი აქვს კოლექტიურ მეხსიერებას იდენტობის კონსტრუირების პროცესში და როგორი კორელაცია არსებობს მეხსიერების პოლიტიკის მოდელსა და პოლიტიკურ სისტემებს შორის. ნაშრომში შესწავლილია ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერების გზაგასაყარზე არსებული ის ფსიქიკური ფაქტორები, რომლებიც ორივე დონეზე მოქმედებს. ამისათვის ავტორი ე.წ. მეხსიერების სწავლებების თეორიულ-მეთოდოლოგიურ ჩარჩოსთან ერთად ახალ პარადიგმას, “კვანტურ-რელატივისტურ ნოოლოგიას” იყენებს.
დისერტაციაში გაანალიზებულია მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებანი პოსტსაბჭოთა საქართველოში და მისი ორსახოვნება: ერთი მხრივ, ნაჩვენებია, როგორ მიმდინარეობს მეხსიერების პოლიტიკის მექანიზმების შემუშავება სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევისა და გლობალურ სამყაროში პოზიციონირებისათვის. მეორე მხრივ, კვლევა აანალიზებს, თუ როგორ მიმდინარეობდა ისტორიის გადაწერის პროცესი - კოლექტიური მეხსიერების მოდიფიკაცია და მასზე დაყრდნობით ახალი იდენტობის ფორმირება - პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით.
პოსტსაბჭოთა საქართველოში მეხსიერების პოლიტიკა ხშირად ისტორიის გადასაწერად და ახალი იდენტობის შესაქმნელად გამოიყენებოდა, რაც საბოლოო ჯამში მმართველი პოლიტიკური ძალისა და ელიტების მუდმივი რე-ლეგიტიმაციის მექანიზმს წარმოადგენდა.
კვლევითი ინტერესები:
ლუკა ეხვაიას კვლევითი ინტერესები და სფეროებია: საერთაშორისო ურთიერთობების კრიტიკული თეორიები, მეხსიერებების სწავლებები, მეხსიერების პოლიტიკა, კოლექტიური მეხსიერება და იდენტობა, მსოფლიო-სისტემების თეორია, სტრუქტურული იმპერიალიზმისა და ციკლური ჰეგემონიის თეორიები, პოლიტიკური იდეოლოგიები და სისტემები, საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის ტრანსფორმაცია, პოსტ-საბჭოთა ტრანზიცია, საქართველოს უახლესი ისტორია, რადიკალური მემარცხენე მოძრაობები და რეზისტენცია, პოლიტიკური ფილოსოფია, გლობალური ეპიდემიების ისტორია, ხელოვნური ინტელექტი და მისი სოციო-ეკონომიკური განზომილებები.