მაისი, 2021წ
ბოლო წლებში შავი ზღვის არეალი კონფრონტაციის ერთ-ერთ მთავარ კერად ყალიბდება, სადაც იკვეთება არამხოლოდ რეგიონში მდებარე სახელმწიფოების, არამედ არარეგიონული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესები. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ხაზს უსვამს რეგიონის დიდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელშიც რეგიონულ სახელმწიფოებს დიდი როლი ენიჭებათ.
ცხადია, რომ ამ პროცესებში საქართველოს როლი მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში დასავლური საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის არეალში მიმდინარე პროცესებში ჩართულნი არიან გლობალური აქტორები, საქართველოს უწევს საკუთარი როლის განსაზღვრა არსებული დაპირისპირების ფონზე. ამ პროცესებში ქართული სახელმწიფოს ორიენტირი დასავლეთისკენაა მიმართული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. გეოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოსთვის შავი ზღვა ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან ერთადერთი შეხების წერტილია. რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს სავაჭრო, სატრანზიტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, სწორედ ამიტომ საქართველო ცდილობს ნატოსთან თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები რეგიონში.
საქართველოს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე, 2014 წლის ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონი გამოყოფილია რეგიონულ დონედ და აღნიშნულია, რომ საქართველო დაინტერესებულია გააღრმავოს თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. აღნიშნულის ფარგლებში 2019 წელს ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღეს შავი ზღვის პაკეტი, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს. პაკეტი მიზნად ისახავს მხარდაჭერის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა: ინფორმაციების გაცვლა, სანაპირო და საზღვაო ძალების დაცვის სამსახურის წვრთნები და ვიზიტები პორტებში, რომელიც მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია. მონტროს 1936 წლის კონვენცია კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს დასავლური საზოგადოებისთვის, რადგან კონვენცია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს რეგიონის სახელმწიფოებს და პირიქით, გარეშე აქტორებს ზღუდავს გაატარონ თავიანთი ინტერესები დამოუკიდებლად, ამიტომ დასავლური პოლიტიკური საზოგადოება საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას მნიშვნელოვან მოკავშირედ განიხილავს, რათა მათი ეგიდით მოახდინოს საკუთარი ინტერესების პრეზენტირება რეგიონში.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში ქართულ სახელმწიფოებრიობას მრავალი ქარტეხილის გადატანა მოუხდა, რომელსაც დღევანდელ პროცესებზეც აქვს დიდი გავლენა. ნაშრომში განხილული იქნება ის გამოწვევები, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას და რა როლი შეიძლება ჰქონდეს შავი ზღვის უსაფრთხოების სტაბილიზაციაში. გარდა ამისა განხილული იქნება ის სამომავალო პერსპექტივები, რომლის წინაშეც დგას რეგიონი და ის შესაძლო სცენარები, რომელიც შესაძლებელია მივიღოთ დაპირისპირების ფონზე.