ივლიანე ძნელაძემ 2017 წელს მაგისტრის ხარისხი იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინური კვლევებისა და სწავლებების მიმართულებით მიიღო. 2018 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტში. 2020 წელს გახდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
ივლიანე ძნელაძის სადოქტორო დისერტაციაში „ჩინეთის სახელმწიფოებრივი იდენტობა და მისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“ შესწავლილია ჩინელი ერის ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი მახასიათებლები. ჩინეთის ხარისხობრივად ახალ დონეზე განხილვის მიზნით, ივლიანეს ნაშრომში გაანალიზებულია ჩინეთის ისტორიის, ფილოსოფიის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინათა შორის პირდაპირი თუ ფარული კავშირები და ურთიერთმიმართებები; მათ შორის ჩინეთის სხვადასხვა დინასტიის მმართველობების დროს დამკვიდრებული სააზროვნო სკოლები და პარადიგმები (ჩვ.წ. XVIII საუკუნიდან დღემდე). ნაშრომი ეყრდნობა ქართველი მეცნიერის, ემზარ ხვიჩიას მიერ შექმნილ თეორიას - „კვანტური-რელატივისტური ნოოლოგია“, - რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების დარგი ანალიზის ფუნდამენტურად ახალ დონეზე გადაჰყავს.
ნოოლოგიის გამოყენებით ივლიანეს ასევე შესწავლილი აქვს ცნობილი იტალიელი მარქსისტის, ანტონიო გრამშის ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ნაშრომი გამოქვეყნებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „პოლიტოლოგოსში“ - ანტონიო გრამში: საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ძიებაში (2021 წელი).
ივლიანე წარმატებით ათავსებს სამეცნიერო და დიპლომატიურ საქმიანობას, რასაც ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში“ მის კოლეგა ლუკა ეხვაიასთან ერთად ჩატარებული საავტორო სალექციო კურსი - „საერთაშორისო ურთიერთობების კრიტიკული თეორიები: XXI საუკუნის ახალი პარადიგმები“ და ამავე ინსტიტუტის მიერ გამოცემულ სადებიუტო ანალიტიკურ კრებულში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ექსკლუზიურად ეძღვნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო დიპლომატიის საკითხებს.