
ჩვენი ცენტრის მკვლევარი გამოსაქვეყნებლად ამზადებს სტატიას სახელწოდებით - “მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გეოპოლიტიკური განზომილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მაგალითზე”.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი კვლევითი ცენტრი აქტიურად შეისწავლის საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის თავისებურებებსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ზემოხსენებული ნაშრომი კი აღწერს XXI საუკუნეში საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის ტრანსფორმაციას და მის გავლენას სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნის გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე.
სტატიაში განხილულია “ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა”, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მსოფლიოში და მისი კავშირი შავი ზღვის აუზთან, კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო დერეფანთან. ნაშრომში, ერთი მხრივ, აღწერილი იქნება რეგიონის ის გეოპოლიტიკური თავისებურებანი, რომლებიც განსაზღვრავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის სპეციფიკას, მეორე მხრივ, საგარეო აქტორების გავლენებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე. სიღრმისეულად იქნება შესწავლილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და პასუხი იქნება გაცემული ამ პროექტის შეჩერების თაობაზე გაჩენილ კითხვებზე.