ბლოგი

უკრაინის კრიზისი 2022

პოლიტიკა
უკრაინის კრიზისი 2022

24 თებერვალი, 2022

 

რუსეთის ფედერაცია ბოლო წლების განმავლობაში მკაფიოდ აფიქსირებდა უარყოფით დამოკიდებულებას ‘ნატოს’ აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე, 2021 წლის დეკემბერში კი მოითხოვა წერილობითი გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო ‘ნატოს’ წევრები არ გახდებიან. საფიქრებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ წლების განმავლობაში გაჟღერებული პოზიციის გაოფიციალურებით და კონკრეტული გარანტიების მოთხოვნით სცადა ნატოსა და ევროკავშირისთვის ნათლად ეჩვენებინა, რომ იგი მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეა და  სურს მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებში თავადაც ჰქონდეს ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა. ამასთან, რუსეთმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მისი უახლოესი მეზობლების ნატოში გაწევრიანება აქვეითებს მის თავდაცვისუნარიანობას და რუსებისთვის ეს საარსებო საფრთხედ აღიქმება. 

რუსეთის ამ მოთხოვნას დასავლური სამყარო დუმილით შეხვდა, რაც ამ შემთხვევაში მათი ინტერესებისა და მოთხოვნების არ გათვალისწინებად და უარად ითარგმნა. ამის პასუხად, ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, 24 თებერვალს კი უკრაინის ტერიტორიაზე “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყების ბრძანება გასცა, რის საბაბადაც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლკიების მოსახლეობის დაცვა დაასახლა, რომელიც, მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კიევის მხრიდან მუდმივი შევიწროვების და ფაქტობრივი გენოციდის მსხვერპლია. პუტინის თქმით, რუსეთის მიზანია არა უკრაინის ოკუპაცია, არამედ მისი დემილიტარიზაცია და “დენაციფიკაცია”.  [1]

რა თქმა უნდა, რუსეთის მოქმედებები შესაძლოა შეფასდეს ზედაპირულადაც, როგორც არარაციონალური, “სიგიჟე”, ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება და სხვა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ სიტუაციის ასეთი გამწვავება და პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში გადაზრდა სწორედ  მხარეთა მიერ ერთმანეთის პოზიციების ამგვარად გაუაზრებლობის და საკითხის არსებით განხილვაზე უარის თქმის შედეგია. 

რუსეთის ფედერაციის მოქმედებები საკუთრივ რუსი ერის პერსპექტივის გათვალისწინებით, შესაძლოა შეფასდეს, როგორც მისი თავდაცვითი რეაქცია იმ საფრთხეზე, რომელსაც მას გლობალური მონომოდალისტური ლიბერალური წესრიგი უქმნის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დასავლეთს არ სურს რუსეთის სახით ძლიერი მოკავშირე რუსი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის გარეშე. მეოცე საუკუნის ბოლოდან ოცდამეერთე საუკუნის პირველი წლების ჩათვლით რუსეთის ფედერაციას ჰქონდა ამგვარი ტრანსფორმაციის მცდელობა, ცდილობდა რა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა და ლიბერალური დემოკრატიის ელემენტების რუსეთის ყოველდღიურობაში ინტეგრირებას. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და სწორედ ამ წარუმატებლობის ფონზე დაიწყო რუსეთმა ტრანსფორმაციის ნაცვლად საკუთარი გეოპოლიტიკური პოზიციების გამყარებაზე ზრუნვა. 

ამავდროულად, უკრაინის მხარდამჭერთა პერსპექტივიდან დასავლეთის მოქმედებაც თავდაცვით ხასიათისაა. ამის დასასაბუთებლად დასავლური მხარე ხაზს უსვამს ქვეყნების სუვერენიტეტულობის პრინციპს. დასავლეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მის საკუთარ სამეზობლო რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობა საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთის ტრადიციულ ინტერესთა სფეროში შემავალ ქვეყნებს, ისე მთლიანად დასავლეთ სამყაროს. შესაბამისად, მათი პოზიციით საქართველოს და უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებისა თუ საჯარისო შენაერთების განთავსება წარმოადგენს თავდაცვით ქმედებას და საფრთხედ არ უნდა იქნას აღქმული. 

მხარეების პოზიციებს შორის ამგვარი სხვაობა და მათ შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უუნარობა ხელს უწყობს მათ შეჯიბრებითობის პროცესში გადასვლას. შესაბამისად, ისინი ცდილობენ “დაასწრონ” მოწინააღმდეგე მხარეს, რაც ნათლად დავინახეთ რუსეთ-უკრაინის კრიზისის მთელი მიმდინარეობისას. ცალსახაა, რომ მუდმივი დაძაბულობა, უნდობლობა და ერთმანეთს შორის ფსიქოტიპური შეუთავსებლობა გახდა უკრაინაში კონფლიქტისა რე-ესკალაციისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფუძველი.

 
 
 
გამოყენებული ლიტერატურა:
 

გამოიწერეთ სიახლეები