ბლოგი

ტერორიზმის ოთხი ტალღის თეორია ტრანსნაციონალურ და ისტორიულ ჭრილში

პოლიტიკა
ტერორიზმის ოთხი ტალღის თეორია ტრანსნაციონალურ და ისტორიულ ჭრილში

15 ოქტომბერი, 2021


ემბერ ჰართის (Amber Hart) სტატიაში - “ტერორიზმის ოთხი ტალღის თეორია ტრანსნაციონალურ და ისტორიულ ჭრილში” - განხილულია თანამედროვე ტერორიზმის ტალღები, რომელიც ავტორმა მემარჯვენე ექსტრემისტულ ტერორისტულ აქტებს მიუსადაგა. სტატიის მიზანს წარმოადგენს დევიდ რაპოპორტის (David C. Rapoport) მიერ ჩამოყალიბებული „თანამედროვე ტერორიზმის ტალღების“ თეორიის ჭრილში საერთაშორისო დონეზე ექსტრემისტული მემარჯვენე ტერორისტული აქტივობების განხილვა და მათი ტალღური ბუნების ანალიზი. ნაშრომი ამავდროულად ეყრდნობა კრისტი კამპიონის (Kristy Campion) კვლევას, რომელმაც იგივე თეორია მოარგო უშუალოდ ავსტრალიაში განხორციელებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ ტერორისტულ აქტებს. 

ნიშანდობლივია, რომ რაპოპორტი თავის ნაშრომებში თანამედროვე ტერორიზმის ისტორიას ყოფს ოთხ ძირითად ტალღად: ანარქისტული, ანტი-კოლონიალური (ნაციონალისტური), მარქსისტული (მემარცხენე) და რელიგიური ტალღები. თითოეული მათგანი დაახლოებით 40 წელს გრძელდება, დღესდღეობით კი მსოფლიო უკვე რელიგიური ტალღის დასასრულ ეტაპზე იმყოფება და უცნობია, რა მოვლენა ან მოძრაობა გახდება შემდგომი ტალღის განმსაზღვრელი. ჰართის სტატია რაპოპორტის თეორიისგან მცირედ გადახვევას გვთავაზობს და, კამპიონის კვლევის შესაბამისად, რადიკალურ მემარჯვენე ტერორისტულ მოვლენებში გამოყოფს ანტიკომუნისტურ, ანტისაიმიგრაციო და ანტიისლამურ  მიმართულებებს, როგორც ტრანსნაციონალური, ისე ისტორიული კუთხით. სტატიაში ავტორი ამტკიცებს, რომ ტერორიზმის „ტალღურ“ ბუნებაზე დაკვირვება შესაძლებელია საერთაშორისო მასშტაბით და რაპოპორტის მოდელი მიესადაგება არა მხოლოდ ე.წ. ტრადიციულ ტერორიზმს, არამედ მემარჯვენე იდეოლოგიით განმსჭვალულ მოვლენებსაც.

გამოიწერეთ სიახლეები