11 ნოემბერი, 2021
პირადი სივრცე და უსაფრთხოება წარმოადგენს მუდმივი დისკუსიის საგანს, არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, არამედ სახელმწიფო და კერძო სექტორშიც. ეს დისკუსია საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობს ძირითად სერვის პროვაიდერებსა (მაგთი, ბილაინი და სხვა) და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, პირადმა ინფორმაციამ, კომუნიკაციებმა, სამედიცინო და ფინანსურმა მონაცემებმა ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. შესაბამისად, უფრო მწვავედ წამოიჭრა პირადი სივრცისა და უსაფრთხოების ეთიკური დილემა. სად გადის ზღვარი სახელმწიფო კონტროლს, საყოველთაო უსაფრთხოებასა და ადამიანის პირად სივრცეს შორის? რა შემთხვევაში აქვთ სახელმწიფო უწყებებს უფლება ნახონ ჩვენ მოწყობილობებში არსებული ინფორმაცია და, შესაბამისად, დაარღვიონ ჩვენი პირადი სივრცე? დისკუსიისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ძირითად სერვის პროვაიდერებს შემუშავებული აქვთ ინფორმაციის მიწოდების სისტემა, რაც სამართალდამცავებს კონკრეტული პროცედურების გავლისა და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აძლევს უფლებამოსილებას მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული მომხმარებლის ან/და მოწყობილობის შესახებ.
2016 წლის მოცემულ ინტერვიუში, აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სწორედ ამ საკითხს ეხება და ზოგადი დისკუსიის ფარგლებში მიმოიხილავს იმ ეთიკურ დილემას, თუ როდის შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის პირადი სივრცე, საყოველთაო სიკეთისა და უსაფრთხოების მოტივით. დღემდე კომპანიებსა და სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსია, გვჭირდება თუ არა უკეთესი კრიპტოგრაფიული პროტოკოლები პროგრამებისთვის, რას მოგვცემს აბსოლუტურად შეუღწევადი სისტემა და გვაქვს თუ არა მისი შექმნის შესაძლებლობა? ამ დისკუსიაში ხშირ შემთხვევაში იშველიებენ ედვარდ სნოუდენისა და ვიკილიქსის (WikiLeaks) შემთხვევებსაც, როდესაც კონკრეტულმა ინდივიდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სხვა ინფორმაციასთან ერთად, გაესაჯაროებინათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და, სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ, არა მხოლოდ კონკრეტული პირების თანამდებობები, არამედ ქვეყნისა და ინდივიდების უსაფრთხოება.