ბლოგი

ირანის საგარეო პოლიტიკა

საერთაშორისო ურთიერთობები
ირანის საგარეო პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2021


საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა და ექსპერტთა შორის ირანის 2021 წლის 18 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა, ირანის საგარეო პოლიტიკის ძირითად ვექტორებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა, როგორც კი ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი (Ebrahim Raisi), შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ცხადი გახდა, თუ რა იქნებოდა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ირანის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები.

ახალი მთავრობის მიერ ფორმირებული საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი, რომელიც ძირითადად კონსერვატიული ძალებით დაკომპლექტდა, კვლავ გააგრძელებს წინამორბედების პოლიტიკას ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების კუთხით.

ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ირანის ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა (Hossein Amir-Abdollahian) მკაცრად გააკრიტიკა თავისი წინამორბედის დიპლომატიური კურსი.

როგორც ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, ირანი გააგრძელებს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობას. ირან-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების პროცესისა და ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმების პრიორიტეტად გამოცხადების მომხრეა ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის მრჩეველი ალი აკბარ ველაიათი (Ali Akbar Velayati).

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თეირანს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. ავღანეთში თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებითა და ყარაბაღის 2020 წლის ომის შედეგებით გამოწვეული ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა ცვლის ადრინდელ სტატუს-კვოს და ირანს ახალი სტრატეგიის შემუშავებისაკენ უბიძგებს.

გამოიწერეთ სიახლეები