ფოტო: KPMG Newsroom - KPMG.com.au
21 დეკემბერი, 2021
2021 წლის 15 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა ხელი მოაწერეს სამხედრო-თავდაცვით პაქტს - „აუკუსის“ (AUKUS) შეთანხმებას. აუკუსის პაქტი ითვალისწინებს ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობისთვის საჭირო ტექნოლოგიურ-ფინანსური დახმარების აღმოჩენას. აღნიშნულმა შეთანხმებამ გამოიწვია ავსტრალია-საფრანგეთს შორის წყალქვეშა ნავების მშენებლობის შესახებ ორმხრივი 55$ მილიარდი დოლარის შეთანხმების გაუქმება.
„აუკუსის“ შეთანხმებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობაში. მათ შორის, ოფიციალურმა პარიზმა მას „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა და აღნიშნულის საპასუხოდ გამოიწვია ელჩები ავსტრალიიდან და აშშ-დან. სამხედრო პაქტი უკიდურესად მწვავედ შეფასდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდანაც. ოფიციალურმა პეკინმა მას “ცივი ომის მენტალიტეტით ნაკარნახევი გადაწყვეტილება” უწოდა და დასძინა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზის უსაფრთხოება და სტაბილურობა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სხვადასხვა შეფასებებით, “აუკუსის” შეთანხმება 2021 წლის მარტის ალასკას სამიტზე აშშ-ს და ჩინეთს შორის მწვავე დიპლომატიური დაპირისპირების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.