მაისი, 2021წ
სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისათვის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დისკუსია ძალზე აქტუალურია. ამას არა მხოლოდ ამ ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები და რთული უსაფრთხოების გარემო, არამედ ამ სფეროში მაკოორდინირებელი და პოლიტიკის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი უწყებების გარშემო ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები განაპირობებს.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემო მჭიდრო კავშირშია საბჭოთა კავშირის დაშლასთან. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო საერთაშორისო ფაქტორების მნიშვნელოვანი როლის ზრდა ამ რეგიონში. ამასთან, მოულოდნელმა დაშლამ ეს რეგიონი იმპერიის პერიფერიიდან გადააქცია ევრაზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად. ეს მიუთითებს, რომ მთავარი სტრატეგიული დილემა ევროპიდან აზიაში გადავიდა. გარდა ამისა, საერთაშორისო სისტემაში დრამატულმა ცვლილებებმა სამხრეთ კავკასიის ახლად დამოუკიდებელი სახელმწიფოები დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური გათვლების წინაშე დააყენა.
რეგიონის არასტაბილური ბუნება გამომდინარეობს რეგიონის ღრმად ჩამარხული მემკვიდრეობებიდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინაშე მდგარი გამოწვევებიდან. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა გააცნობიერეს, რომ მათ არ აქვთ უნარი საკუთარი პრიორიტეტები, ინტერესები და სტრატეგიები საკუთარი საშუალებით ჩამოაყალიბონ და აღიარეს, რომ მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია გარე მხარდაჭერა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო დახმარების საჭიროებამ, თავის მხრივ, გამოიწვია უსაფრთხოების ურთიერთქმედების ინტერნაციონალიზაცია და რეგიონული ხაზების შექმნის გზა გაუხსნა. მაგრამ საქმე ის არის, რომ უსაფრთხოების ინტერნაციონალიზაციამ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, როგორიცაა უსაფრთხოების მოხმარება ან არასტაბილურობის გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეგიონული აქტორების ვალდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს სტაბილურობის მომწოდებელთა ან არასტაბილურობის დამხმარეების დილემა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასიის რეგიონის პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა: საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარების სხვადასხვა მიმართულება აირჩიეს, რათა ამით განესაზღვრათ თავიანთი როლი და ფუნქცია საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის აქტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფა, რის გამოც მათ განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორი აირჩიეს. საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს დღეს განსხვავებული საგარეო ვექტორი აქვთ, რომელზეც ნაშრომში დაწვრილებით ვისაუბრებთ. შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით ვეცდებით დავადგინოთ ის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები და ფაქტორები, რის გამოც საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა განსხვავებული საგარეო ვექტორები და როლები აირჩიეს.
ნაშრომი დამუშავებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი კონცეფციების (რეალიზმი, პლურალიზმი, გლობალიზმი) პრიზმაში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის აქტორების საგარეო ვექტორების გარდა, ნაშრომში ასევე ყურადღებას გავამახვილებთ პატარა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თავისებურებებსა და მათ საგარეო პოლიტიკურ როლებზე (ნეიტრალიტეტი, ბუფერი, მიუმხრობლობა) საერთაშორისო სისტემაში.
თეზისების ჟურნალი იხილეთ ბმულზე.