მაისი, 2021წ
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ნელ-ნელა კიდევ უფრო მოიკიდა ფეხი ეროვნულმა და ნაციონალისტურმა დისკურსმა, რომელიც რამდენიმე ათწლეული დინამიკურად ვითარდებოდა. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ნაციონალისტური დისკურსი ხშირად ცდებოდა პატრიოტული მოტივების ჩარჩოებს და ეთნონაციონალისტურ სენტიმენტებში იზრდებოდა, რამაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაამწვავა შიდასახელმწიფოებრივი და სამოქალაქო დაძაბულობა, რისი კულმინაციაც იყო აფხაზეთის ომი, ქართულ-ოსური კონფლიქტი და სამოქალაქო ომი. ისტორიულად შოვინიზმი და ქსენოფობია არასოდეს ყოფილა ქართული კულტურის შემადგენელი ელემენტები, შესაბამისად, 90-იანებში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურა ორგანული არ ყოფილა ქართული საზოგადოებისთვის და, შეიძლება ითქვას, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქართულ კულტურასთან და ისტორიულ გამოცდილებასთან.
მას შემდეგ სამი დეკადა მიიწურა და ქართული აკადემიური თუ პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ლიბერალური მონომოდალისტური პროექტის დომინაციის არეალად იქცა, ალტერნატიული პოლიტიკური ხედვებიდა პროექტები სააზროვნო სივრციდან მარგინალიზებულია ან განდევნილი. ეს პროცესი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო,ხოლო მიხეილ სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ლიბერალური იდეოლოგიის რადიკალური ვერსია ცხოვრების ყველა დონეზე გავრცელდა და სრული ჰეგემონია მოიპოვა. ამ პირობებში ნებისმიერი პოლიტიკური მოსაზრება თუ ინიციატივა ლიბერალური იდეოლოგიის ფილტრს გადიოდა და შესაბამისად კვალიფიცირდებოდა,პრინციპით „ვინც ჩვენს შეხედულებებს არ იზიარებს, ის ქვეყნის მტერია“. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ისიც, თუ როგორ მოხდა საბჭოთა წარსულის და გამოცდილების სრული დემონიზება და ყველაფერი, რაც რაიმე ფორმით ასოცირდებოდა საბჭოთა კავშირთან, როგორ იგმობა შეს-წავლისა და ყველანაირი მეცნიერული ანალიზის გარეშე.
ასეთი სიტუაციის მიუხედავად, ქართულ აკადემიაში მაინც მოხერხდა ისეთი თეორიის დაგენერირება, რომელიც გლობალური მასშტაბით საქართველოს უნიკალური პოლიტიკური როლის განსაზღვრას ემსახურება და შექმნილი პოლიტიკური აზრის კრიზისიდან ახლებურ გამოსავალს გვთავაზობს. ახალი თეორია პარადიგმული ნახტომის გაკეთების საშუალებას იძლევა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აზრის კრიზისის გადალახვით და ისეთი მეცნიერული სიახლეების წარმოებით, რომელსაც სოციალურ მეცნიერებებში გარღვევის მოხდენის პოტენციალი აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს თეორია ლოგიკური გაგრძელებაა ქართული ფსიქოლოგიის სკოლაში წარმოშობილი „განწყობის თეორიის”, რომელიც დიმიტრი უზნაძის ავტორობით შეიქმნა და ქართული კულტურისადა ფსიქოტიპის თავისებურებებს ითვალისწინებს. თეორია ინტერდისციპლინურ პარადიგმას აფუძნებს სხვადასხვა დისციპლინაში – როგორიცაა ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები, გლობალური სწავლებები, ისტორია და ანთროპოლოგია – დაგროვილი ცოდნის გაერთიანებით, სისტემატიზაციითა და მასზე ახალი თეორიის დაშენებით, რომელიც „კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგიის“ სახელითაა ცნობილი.
თეზისების კრებული იხილეთ ბმულზე.