სტატიები

მაისი, 2021წ

ილია ჭავჭავაძის "საერთო ნიადაგის” თეორიის და ემზარ ხვიჩიას "ნოოლოგიის" შედარებითი ანალიზი

ილია ჭავჭავაძის "საერთო ნიადაგის” თეორიის და ემზარ ხვიჩიას "ნოოლოგიის" შედარებითი ანალიზი

ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძემ “საერთო ნიადაგის” თეორიით შემოგვთავაზა ეროვნული იდეოლოგიის, ეროვნული ეკონომიკის და ეროვნული სახელმწიფოს კონცეფციები. ილია ჭავჭავაძე თვლიდა, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა და გააზრება სამ სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიას უნდა დაეფუძნოს: კონსერვატიზმს, ლიბერალიზმსა და სოციალ-დემოკრატიას. სახელმწიფო წყობის საკითხში ის კონსერვატორი იყო და კონსტიტუციურ მონარქიას უჭერდა მხარს, ადამიანების უფლებების საკითხში ის ლიბერალი იყო, ხოლო ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებში მხარს უჭერდა სოციალ-დემოკრატიას.

როგორც ილიალოგი ელბერტ ბატიაშვილი აღნიშნავს, “საერთო ნიადაგის” თეორიის საფუძველი მოდის პეტრე იბერის დროიდან. პეტრე იბერის მიხედვით “საერთო ნიადაგის” თეორიის ძირითადი იდეა, ეს არის “დაპირისპირებულთა ბედნიერი მორიგება”.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი მეცნიერის, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ემზარ ხვიჩიას მიერ შექმნილი ახალი თეორია “კვანტური რელატივისტური ნოოლოგია” (შემდგომში უბრალოდ “ნოოლოგია”). ნოოლოგიის მიხედვით, ქართველი ერის მაკონსოლიდირებელი (გამართიანებელი) ფაქტორია “განსხვავებულობა”, რაც “დაპირისპირებულობის” შედარებით რბილ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორც ილია ჭავჭავაძის “საერთო ნიადაგის” თეორიით, ასევე ემზარ ხვიჩიას “ნოოლოგიით” ბევრად უფრო მკაფიოდ და მეცნიერულად ჩანს ის როლი, რომელიც ქართველებს შეუძლიათ შეასრულონ კაცობრიობისთვის - ეს არის “დაპირისპირებულთა” (ნოოლოგიის მიხედვით კი “განსხვავებულთა”) ბედნიერი მორიგება (ნოოლოგიის მიხედვით კი თანხმობის პროცესების წარმართვა). 

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ემზარ ხვიჩიას “ნოოლოგია” წარმოადგენს დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორიის” განვითარებას ერისა და კაცობრიობის მასშტაბით. ის მიღებულია დედუქციურად და აქვს ორი საწყისი - “ფსიქიკური (ახალი ტერმინებით “ნოოტიპური”) სტიქიების თეორია” და “ციკლური ლოგიკა”.  პირველის მიხედვით მიღებულია პიროვნების, ერისა და ცივილიზაციის დაზუსტებული განმარტებები, მეორე კი აჩვენებს, რომ კაცობრიობა ადრე იყოფოდა სხვადასხვა ცივილიზაციად და თითოეულ ცივილიზაციაში ადგილი ჰქონდა გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც ციკლურ სახეს ატარებდა (ანალოგია - ციკლურად იცვლება დედამიწაზე წელიწადის სეზონები).

გარდა ეროვნული და საკაცობრიო მასშტაბისა, ნოოლოგიის ინტერდისციპლინური სამეცნიერო აპარატი საკმაოდ ეფექტური და შედეგიანია ინდივიდური მასშტაბით, ანუ ამ ცოდნაზე დაყრდნობით შესაძლებელია ახალი ფსიქოლოგიური თეორიის მიღება და არსებული ფსიქოლოგიური სკოლებისა თუ თეორიების კრიტიკული ანალიზი. 

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ნოოლოგიის ფილოსოფიური ასპექტი: მთლიანობაში ის წარმოადგენს ახალ მეცნიერულ პარადიგმას. თუ ემზარ ხვიჩიას სამეცნიერო დასკვნების სისწორე  დადასტურდება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ, ეს იქნება ისეთივე ნახტომი საზოგადოებრივ მეცნიერებებში, როგორი ნახტომიც გააკეთა 20-ე საუკუნის დასაწყისში ფიზიკამ. 

წარმოდგენილ ნაშრომში ცენტრალური ადგილი დაეთმობა ზემოხსენებული თეორიების შედარებით ანალიზს, თითოეულის მიდგომის არსის ახსნას და გაშლას, ემპირიული ფაქტებით მათი სისწორის, ოპტიმალურობისა და რეალურობის დადასტურებას.

 

თეზისების კრებული იხილეთ ბმულზე.

გამოიწერეთ სიახლეები