.jpg)
5 ოქტომბერი, 2021
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მკვლევართა გუნდი გამოსაცემად ამზადებს მონოგრაფიას “საქართველო და გლობალური პოლიტიკა: ახალი პარადიგმის ძიებაში”.
წიგნი ეძღვნება თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესწავლას მრავალშრიანი ანალიზისა და ახლებური მეთოდოლოგიური მიდგომების მეშვეობით. მონოგრაფია ითვალისწინებს რა, საქართველოს განვითარებაზე აქამდე არსებულ კვლევებსა და დაგროვილ ცოდნას, ასევე, მკითხველს დამატებით სთავაზობს აღნიშნულ თემებზე ჩატარებულ ორმოცამდე ინტერვიუს ანალიზს.
ჩვენმა მკვლევართა გუნდმა მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მნიშვნელოვანი ტენდენციების გამოყოფის ანალიტიკური პროცესი ე.წ. “კოდირების” მეთოდით წარმართა, რაც სოციალურ მეცნიერებებში ახალი სიტყვაა.
მონოგრაფიაში იხილავთ არსებული ეკონომიკური და სოციოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებას ლოკალური, რეგიონული და გლობალური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- განვითარების ინდიკატორებისა და ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე არსებული პოლიტიკური პარტიების ხედვებისა და პროგრამების ანალიზი;
- 2020 წლის წინასაარჩევნო გარემოს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და თანმდევი პოლიტიკური მოვლენების ანალიზი;
- მთიანი ყარაბაღის ომისა და 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მიმოხილვა;
- დასკვნითი ნაწილი დაეთმობა გლობალური პოლიტიკური წესრიგისა და წამყვანი პოლიტიკური აქტორების შესწავლას ჰეგემონური თეორიების ჭრილში.
მონოგრაფიაზე მომუშავე მკვლევართა გუნდის მიერ კომბინირებული ანალიტიკური და მეთოდოლოგიური მიდგომის შემუშავებით შესაძლებელი გახდა, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაფასება, ასევე ქვეყნის როლის გააზრება რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში.