ქეთევან გრძელიძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ აკადემიური კარიერა გააგრძელა ბელგიაში, კერძოდ ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ევროპის სწავლებების მიმართულებით, პროგრამის სახელწოდებით: ტრანსნაციონალური და გლობალური პერსპექტივები ევროპის შესახებ. მისი სამაგისტრო კვლევა შეეხებოდა ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოში დაბრუნების შემდგომ ქეთევანმა გააგრძელა სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე.
მისი სადოქტორო კვლევის მიზანია, წარმოაჩინოს, როგორ იცვლება უსაფრთხოების ტრადიციული გარემო კიბერ სივრცეში. დისერტაციის ფარგლებში ჩატარდება სამხრეთ კავკასიის კიბერუსაფრთხოების კომპლექსური კვლევა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული აქტორის მიერ პოლიტიკურ დოკუმენტებში გაწერილი პოლიტიკის, ისე ამ უსაფრთხოების და კიბერთავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების სიღრმისეულ ანალიზს. კვლევისათვის ასევე მნიშვნელოვანია აჩვენოს ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაში და განვითარების ტენდენციებში, თავდასხმებზე რეაგირების მეთოდოლოგიაში არსებული მსგავსებები და განსხვავებები.
კიბერუსაფრთხოების სივრცეში, ტრადიციული უსაფრთხოების სივრცისგან განსხვავებით, რეგიონული უსაფრთხოების გეოგრაფია და ტრადიციული რეგიონული უსაფრთხოების კომპლექსის ტიპი იცვლება. გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების სფერო, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს უსაფრთხოების დილემის ფარგლებში დაპირისპირების ახალ სივრცეს, გარკვეულწილად აფერხებს უსაფრთხოების დილემის ესკალაციას და დროებით წევს ომის/ღია კონფლიქტის დაწყების ვადას. ცვლილება ამ შემთხვევაში გულისხმობს საერთაშორისო აქტორებისადმი მეტ ღიაობას და სხვა რეგიონულ კომპლექსებზე დამოკიდებულების და მათთან თანამშრომლობის დონის გაღრმავებას.
ნაშრომი ეყრდნობა უსაფრთხოების რეგიონული კომპლექსისა და უსაფრთხოების დილემის კონცეფციებს, რომლებიც რეგიონში არსებული უსაფრთხოების სფეროს კვლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებია. კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როგორ იცვლება უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოების დინამიკა კიბერსივრცეში.